პრეზიდენტის პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლის თარიღი კონსულტაციების შედეგად შეთანხმდება

  14:05:36     24-01-2018

გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლის თარიღი კონსულტაციების შედეგად შეთანხმდება.

​საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლის თარიღი კონსულტაციების შედეგად შეთანხმდება.

როგორც წესი, პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხული სესიის პლენარული სხდომების პირველივე დღეს მიდის, თუმცა რეგლამენტში დათქმა არის, რომ  ეს სავალდებულო არ არის.

„გასული წლების განმავლობაში, როცა პრეზიდენტი პარლამენტში მოდიოდა, თარიღზე შეჯერება კონსულტაციების ფორმით ხდებოდა. ეს ამჟამადაც ასე იქნება. ტრადიციას არ დავარღვევთ, კონსულტაციები გაიმართება და პრეზიდენტი  პარლამენტის წინაშე მაშინ წარდგება, როცა ეს ხელსაყრელი პრეზიდენტისთვის და პარლამენტისთვის იქნება“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.


პრეზიდენტის რანგში გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წელს ბოლოჯერ წარდგება. 

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე შარშან,  7 აპრილს წარდგა და ყურადღება მის მიერ წარმოებულ კამპანიაზე „კონსტიტუცია ყველასია“, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესსა და პარლამენტის ადგილსამყოფელზე გაამახვილა.