„არ გამოვრიცხავთ, რომ უკრაინაში ირაკლი კობახიძის შეხვედრებისას საკვანძო თემა სააკაშვილია“

  10:14:17     19-01-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს კიევში უკრაინის პრეზიდენტს ხვდება. ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა მის უკრაინელ კოლეგას - ანდრეი პარუბისა და ქვეყნის პრემიერმინისტრს, ვლადიმერ გროისმანს.

ოფიციალური განცხადებით, უკრაინაში გამართული აუდიენციების დროს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თემა არ განიხილება. ჟურნალისტებთან საუბრის დროს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს კომპეტენტურ ორგანოებში გასარკვევი საკითხია და არ აპირებს არც ერთ შეხვედრაზე სააკაშვილზე ყურადღების გამახვილებას.

განსხვავებული ინფორმაცია აქვს უკრაინულ მედიას, სადაც ამბობენ, რომ სააკაშვილი ერთ-ერთი საკვანძო თემაა ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე. ანალოგიურად ფიქრობენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“.

„არ გამოვრიცხავთ, რომ კობახიძის და ასევე, უმრავლესობის წევრების ვიზიტი განიხილება უკრაინაში სწორედ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით და ზოგადად, უკვე ნამდვილად მოკლებულია ყოველგვარ რეალობას, როდესაც ორი ქვეყნის მთელი ადმინისტრაციული რესურსი მიმართულია უკრაინის და საქართველოს პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ,“ - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე.