„ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის საკრებულოს სხდომა დატოვა

  17:44:44     16-01-2018

"ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის საკრებულოს სხდომა დატოვა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მერიაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები, ხელფასებისა და დანამატების გაერთიანების საკითხი განიხილება.

სხდომის დატოვებამდე განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა. მან უმრავლესობას "საშოვარზე მოსული ხელისუფლება" უწოდა.

"როდესაც გყავთ პენსიონერები, რომელზეც არც თვითმმართველობა და არც ხელისუფლება არ ფიქრობს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩემი ნათქვამი რომ საშოვარზე მოსული ხელისუფლება ხართ, ნუ გეწყინებათ. ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ მხოლოდ ხელისუფლების მაღალჩონოსნებისთვის იმატებს ხელფასები და არც ერთი თეთრით არ უმჯობესდება მრავალი გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობა. თქვენ რომ გაინტერესებდეთ ამ ადამიანების ბედი, მე ჩემს სიტყვებს უკან წავიღებდი. არაფერი არ გაგიკეთებიათ ამ ადამიანებისთვის. გარდა იმისა, რომ ერთი კვირაა ვუსმენთ თუ როგორ იორმაგებთ ხელფასებს. 100%-ით კი არა 110%-ით არის მერიის მაღალჩინოსნების ხელფასები გაზრდილი", - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.