პოლონელი სამხედროები სასამართლოზე
11:43:22     25-05-2011
პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ შვიდ პოლონელ სამხედრო მოსამსახურეს ექვსი მშვიდობიანი ავღანელის დაცხრილვის ბრალდება წაუყენა. ინციდენტი 2007 წელს, სოფელ ჰაჰგარ-ჰელში მოხდა. „რეჩპოსპოლიტას“ ინფორმაციით, პროკურორმა 5-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა და აღნიშნა, რომ დაკავებულებმა დაარღვიეს არა მხოლოდ პოლონეთის კანონმდებლობა, არამედ ჰააგის და ჟენევის კონვენციები.
შემთხვევა ავღანეთში 2007 წლის 16 აგვისტოს მოხდა. მაშინ პოლონურმა პატრულმა ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი სოფელს გაუხსნა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპნენ. რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა.
მედიის ინფორმაციით, მომხდარი ჯარისკაცებმა კამერით გადაიღეს. დაკითხვაზე მათ განაცხადეს, რომ ცეცხლი თალიბების სროლის საპასუხოდ გახსნეს. მოგვიანებით, სამხედრო მოსამსახურეები გამოტყდნენ, რომ სოფელზე თავდასხმა მათ მეთაურმა უბრძანა.