„სააკაშვილის საქმეს უნდა მივუდგეთ არა გემოვნების მიხედვით, არამედ კანონის საფუძველზე“

  17:29:17     15-01-2018

„მიხეილ სააკაშვილის საქმეს უნდა მივუდგეთ არა გემოვნების მიხედვით, არამედ სახელმწიფოებრივად, კანონის საფუძველზე“, - ​ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც საქართველოსა და უკრაინის საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების შეხვედრას გამოეხმაურა.

მისი აზრით, სახელმწიფოს კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში რა ვალდებულებებიც აქვს, ეს ვალდებულება ყველას მიმართ განუხრელად უნდა განახორციელოს.

„არ შეიძლება, კონკრეტული ადამიანი რაიმე ნიშნით გამოვარჩიოთ. კანონი რასაც გვავალდებულებს, ის უნდა შევასრულოთ, რაც ჭეშმარიტებაა. სამწუხაროდ, საქმის დეტალები არ ვიცი. სააკაშვილის საქმე არის ის საქმე, რომელსაც უნდა მივუდგეთ არა გემოვნების მიხედვით, არამედ სახელმწიფოებრივად, კანონის საფუძველზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი და ამის მიხედვით უნდა ვიხელმძღვანელოთ და არა იმის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად ვინ მოსწონს და ვინ არა“, – განაცხადა კილაძემ.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციისთანახმად, უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გოგაძე​ს 12 იანვარს, უკრაინაში შეხვდა.  

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავარმა პროკურატურამაც გაავრცელა.