ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 100 წლიანი სანქციები არ აშინებს

  15:06:54     12-01-2018

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ფხენიანი ყველა წინააღმდეგობას გადალახავს, მათ შორის 100 წლიან სანქციებს.

„კორეის რევოლუციის გამარჯვების ერთ-ერთი საიდუმლო წინააღმდეგობების დაძლევაში ისაა, რომ ჩვენ პირველ ადგილზე ვაყენებთ მეცნიერებას და ტექნიკას. დამოუკიდებელი ეროვნული ეკონომიკის, სამეცნიერო-ტექნიკური კადრების და მათი ნათელი გონების წყალობით ჩვენ პრობლემები არ შეგვექმნება, თუნდაც მტრებმა 10 ან 100 წლიანი სანქციები დაგვიწესონ“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

შეგახსენებთ, რომ 1 იანვარს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის შექმნის დასრულების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ბირთვული ღილაკი მის სამუშაო მაგიდაზე დევს და მას იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუკი ჩრდილოეთ კორეას აშშ-ის და მისი მოკავშირეების მხრიდან საფრთხე დაემუქრება.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასაც აქვს ბირთვული ღილაკი და ის უფრო დიდი და მძლავრია, თანაც მუშა მდგომარეობაში.