"ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოსა და პატრიარქის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია"

  14:23:39     12-01-2018

მმართველი გუნდისთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოსა და პატრიარქის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, რის გამოც მათ განცხადებებს ყურადღებით მოეკიდებიან.

ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, უმრავლესობა შეეცდება, რომ ისეთი ნარკოპოლიტიკა შეიმუშაოს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს გაითვალისწინებს და ქვეყანაში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა იქნება, რომელიც ერთი მხრივ, ნარკოდამოკიდებულების შემცირებას მოემსახურება და მეორე მხრივ, ადამიანის უფლებები დაცული იქნება.

“კონსენსუსის მიღწევა რთულია, მაგრამ კონსენსუსი შესაძლებელია და ამას ჩვენი მხრიდან მეტი ძალისხმევა დასჭირდება. გარკვეული საკითხებია, რომელიც მისაღებია, მათ შორისაა მკურნალობა, არის გარკვეული საკითხები, რომელსაც ჩვენი გუნდის ნაწილი არ ეთანხმება. საერთო საკითხებზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომელიც ყველა ჯგუფისთვის მისაღები იქნება”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.