„ფეისბუქი“ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს

  12:55:01     12-01-2018

მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქის“ ახალი ამბების პოლიტიკას ცვლის. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

პრიორიტეტების ცვლილება გამოიხატება იმაში, რომ „ფეისბუქსე“ მნიშვნელოვნად შემცირდება სარეკლამო პუბლიკაციების რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ახალი ამბების ველში უფრო ხშირად შეხვდება ოჯახის წევრებისა და მათთვის ახლობელი ადამიანების პოსტები, ვიდრე რეკლამები, სხვადასხვა ორგანიზაციის პოსტები და სტატიები.

ცუკერბერგის თქმით, ბოლო დროს, ბრენდების, ბიზნესორგანიზაციების, მედიასაშუალებების პოსტებმა პერსონალური ისტორიები გადაფარა, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ.
ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგიც ასეთია – როდესაც ადამიანები სოციალურ ქსელს მათთვის საყვარელ ადამიანებთან დასაკავშირებლად იყენებენ, ისინი თავს გაცილებით უკეთესად და ნაკლებად მარტოსულად გრძნობენ.

მარკ ცუკერბერგი იმედს იტოვებს, რომ ცვლილებების შემდეგ დრო, რომელსაც ადამიანები „ფეისბუქზე“ ატარებენ, მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა ის გაცილებით საინტერესოდ იქნება დახარჯული, ვიდრე დღემდე.
ცვლილებები რამდენიმე კვირაში ამოქმედდება.