ავსტრიის შს მინისტრი მაჩალიკაშვილის საქმეზე: ჩვენთვის მეტად სარისკო იყო ისლამური სახელმწიფოს სავარაუდო ტერორისტის ავსტრიაში შემოშვება

  21:26:18     10-01-2018

„რა თქმა უნდა ტერორისტების შესაძლო დამხმარეს არ შეუძლია ქვეყანაში შემოსვლა“, – ასე ეხმაურება ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰერბერტ კიკლი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს, რომლის მკურნალობის ერთ–ერთ ვარიანტად სწორედ ავსტრიული კლინიკა განიხილებოდა, თუმცა ავსტრიის მხარემ არსებული საფრთხეების გამო მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა.

„უსაფრთხოებიდან გამომდინარე არსებობს მკაცრი უარი ტერორიზმში ევჭვმიტანილების ავსტრიაში იმპორტირების კუთხით - რაც ასევე სამედიცინო მომსახურებასაც ეხება“, – აცხადებს ავსტრიის შს მინისტრი, რომლის პოზიციას ავსტრიული მედია ავრცელებს. 

გამოცემა Kronen zeitung წერს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტისთვის ვენაში სასწრაფო ოპერაცია იყო დაგეგმილი, თუმცა ვენამ პაციენტის მიღებაზე ცალსახა უარი თქვა.
“ჩვენთვის მეტად სარისკო იყო ისლამური სახელმწიფოს სავარაუდო ტერორისტის ავსტრიაში შემოშვება. ვენაში მისი მკურნალობა დიდი საფრთხე იქნებოდა შიდა უსაფრთხოებისთვის“ - წერს ავსტრიული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. 

„საქართველოს მთავრობას უნდოდა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტისთვის (19 წლის) სასწრაფო ოპერაციის გაკეთება AKH -ში, მაგრამ ავსტრიის შსს–მ თბილისიდან სასწრაფო დახმარების თვითფრინავის მიღებაზე ცალსახა უარი თქვა. პაციენტი, სავარაუდოდ ტერორისტების ბოსის, ახმედ ჩატაევის ერთ–ერთი დამხმარე იყო. ეთნიკურად ჩეჩენი ჩატაევი რვა წლის განმავლობაში ვენაში ცხოვრობდა. მან დაგეგმა სისხლიანი აქტი 2016 წელს სტამბულის აეროპორტში“, – წერს გამოცემა kronen Zeitung. 

ავსტრიის ძალოვანი უწყების ინფორმაციით, „რისკი, რომ მოხდებოდა პაციენტის სისხლიანი გასათავისუფლების მცდელობა, ან თავდასხმა დაზარალებულის გასათავისუფლებლად, იყო ძალიან მაღალი“. 

ავსტრიული პრესა ავსტრიის ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ "ქართველი პაციენტი არ გახლდათ ისლამური სახელმწიფოს უწყინარი წევრი".