პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე სავარაუდოდ ანა დოლიძეს წარადგენს

  14:11:32     08-01-2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს დღეს დაასახელებს. 

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ელოდებიან. 

კონკრეტული განცხადებები არ კეთდება, თუმცა ზოგად განცხადებებში საბჭოს წევრები ამბობენ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრი კარგად უნდა იცნობდეს სასამართლო სისტემას და არსებულ გამოწვევებს.

იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ წევრობის კანდიდატს ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეეძლოს.  

"თითოეული წევრის როლი არის განსაკუთრებული და თუკი ის იქნება მოტივირებული, რომ უფრო მნიშვნელოვანი ინიციატივები ჰქონდეს საბჭოში, მე უფრო პოზიტიურად შევაფასებდი, ვინაიდან, ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია, რომ ყველა წევრს ჰქონდეს განსხვავებული აზრი ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო კვოტით განსაზღვრულ პოსტზე ანა დოლიძის წარდგენას გეგმავს, რომელიც აქამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მუშაობდა.

დღესვე იუსტიციის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება.