„ვიდეომასალა პრობლემურია და დაუსაბუთებელი“ - EMC სუს-ის სპეცოპერაციების მტკიცებულებებზე

  12:39:56     05-01-2018

„ვიდეო მასალა ასევე, პრობლემურია და დაუსაბუთებელი“,  - ასე აფასებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე სუს-ის მიერ ვიდეო მტკიცებულებების გავრცელებას, რომელიც პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ახალ დეტალებს ეხება.

ადამიანის უფლებათა დამცველები კვლავ პასუხგაუცემელ კითხვებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მთავარ კითხვას, რატომ გახდა აუცილებელი თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გასროლა, სამართალდამცავ უწყებებში პასუხს ამ დრომდე არ სცემენ.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ჩანაწერი, რომელიც მაჩალიკაშვილის ტერორისტული დაჯგუფების წევრებთან შესაძლო კავშირს აღნიშნავს, დაუსაბუთებელია.

ეს ვიდეო მასალა ასევე, პრობლემურია და დაუსაბუთებელი, იმიტომ, რომ ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ეს ადამიანები საქართველოში იყვნენ, შესაბამისად, საკმაოდ ფართე წრეს ადამიანებისას შეიძლებოდა, ჰქონოდა მათთან კომუნიკაცია. ამდენად, თავისთავად, ეს ბრალეულობას არ უმტკიცებს,“ - აცხადებს თამთა მიქელაძე.

თამთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნება სუს-ის მხრიდან მედია სვლას წარმოადგენდა, რადგან უწყებას სურს, რომ დაკავებული პირების დანაშაულებრივობას გაუსვას ხაზი, რითაც სპეცოპერაციის დროს სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული ბრალეულობა გადაფაროს.

სუს-მა გუშინ ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება თემირლან მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან ერთად თბილისში.