„მეორე ისტორიული სამარცხვინო ლაქა“ - რომან გოცირიძე გირგვლიანის საქმის განაჩენზე

  12:21:36     05-01-2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური შეფასებები უკვე გაკეთდა პარლამენტში. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ სცნო.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების გამოყენების თაობაზე ამ დრომდე მსოფლიოს არც ერთი პრეზიდენტი არ გასამართლებულა.

„მეორე ისტორიული სამარცხვინო ლაქა და ასევე, ერთი ურთმელიძე გაჩნდა საქართველოში ამ უნამუსო მოსამართლის სახით. პირდაპირ არის ეს იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

საქმე ეხება გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებას, რასაც ბრალდების მხარე სააკაშვილს ედავება.