შსს-ს იურისტი: რატიანთან დაკავშირებული ვიდეომასალის გავრცელება იყო არასასიამოვნო ფაქტი

  15:55:16     29-12-2017

ზვიად რატიანთან დაკავშირებული ვიდეომასალის გავრცელება იყო არასასიამოვნო ფაქტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ს იურისტმა ბექა დოჭვირმა განუცხადა. 

ამასთან, ჟურნალისტების კითხვა, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება ვიდეომასალის გავრცელებაზე, დოჭვირმა უპასუხოდ დატოვა. 

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბატონი ზვიად რატიანი ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში. როგორც ჩანს, სასამართლომ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ბატონმა ზვიადმა, ფაქტობრივად, აღიარა სამართალდარღვევა. 

რაც შეეხება მის ბრალდებებს პოლიციისადმი, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში და ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ღია, ობიექტური და ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან. 

გეთანხმებით, რომ ვიდეომასალის გავრცელება იყო არასასიამოვნო ფაქტი", - განაცხადა დოჭვირმა რატიანის სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ.