სასამართლომ ზვიად რატიანი სასამართალდამრღვევად სცნო და 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

  14:10:14     29-12-2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ზვიად რატიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევას სცნო და 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თავად პოეტი კი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის, წინასასამართლო სხდომაზე შსს-მ წარმოადგინა დაკავების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეს მტკიცებულებად დაურთო. როგორც შსს-ს წარმომადგენლები განმარტავენ, ვიდეო მობილური ტელეფონით არის გადაღებული,

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით "მოქალაქე ზ.რ.-ს დაკავების ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს აღნიშნულ ფაქტს. პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა.

ამავე დროს, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოაღნიშნულ პოლიციელს. რაც შეეხება , მოქალაქე ზ.რ.-ს, იგი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. 

ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მიაწოდებს საზოგადოებას ინფორმაციას ორივე ფაქტის გამოძიების მიმდინარეობაზე. ჩვენი მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია გადაცდომის თითოეულ ფაქტზე -ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამართლებრივ რეაგირებას მომავალშიც მოახდენს", - ნათქვამია განცხადებაში.