„აშშ-ს დღეს ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში შეიჭრა“

  13:18:41     28-12-2017

„აშშ-ს დღეს ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, რომელიც ბოლო ათწლეულში საქართველოსა და უკრაინაში შეიჭრა და დასავლური ქვეყნების სუვერენიტეტს არჩევნებში ჩარევით ძირი გამოუთხარა“, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის სტატიაში, რომელიც გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნდა. 

რექს ტილერსონის თქმით, „რუსეთთან მიმართებაში აშშ-ს ილუზიები არ აქვს იმის თაობაზე თუ რა რეჟიმთან აქვს საქმე“. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ასევე შეეხო უკრაინაში არსებულ სამხედრო კონფლიქტს.

მისი თქმით, უკრაინის საკითხებზე სპეციალურ წარმომადგენლად კურტ ვოლკერის დანიშვნა ასახავს აშშ-ს მისწრაფებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. 

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიასთან მიმართებაში ფხიზლად ვართ, საჭიროა რუსეთთან მუშაობა იქ, სადაც საერთო ინტერესებია. ეს ყველაზე აშკარა სირიაშია“, - ნათქვამია სტატიაში.