მამუკა მდინარაძე: ამომწურავი პასუხი გაეცემა ყველა კითხვას

  15:50:59     27-12-2017

„ჩვენს ქვეყანაში გამოძიება იმ დონეზეა, რომ ამომწურავი პასუხი გაეცემა ყველა კითხვას“,- ამის შესახებ  განმარტება საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ  სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

"ზოგადად, პრევენციული ღონისძიებები არის ძალიან კარგი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მთავარია, აქ არ დაირღვეს ადამიანის უფლებები, ბალანსი უსაფრთხოების და ადამიანის ინტერესებს შორის. ამ შემთხვევაში, თუკი რამე კითხვები არსებობს, ამაზე გამოძიება ყოველთვის სცემს პასუხს და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში გამოძიება იმ დონეზეა, რომ ამომწურავი პასუხი გაეცემა ყველა კითხვას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გუშინ, სპეცოპერაცია ჩატარდა პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოსა და დუისში. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ომალოსა და დუისში დააკავეს სამი პირი. 

დუისში დაიჭრა 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

წინასწარი ინფორმაციით, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარება უკავშირდება თბილისში, 21-22 ნოემბრის კონტრტერორისტულ ოპერაციას ახმედ ჩატაევის ჯგუფის წინააღმდეგ.