სუს: პანკისში დაკავებულები დაკავშირებული არიან გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განეიტრალებულ დაჯგუფებასთან

  12:06:11     26-12-2017

პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოერაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა. სუს-ის ინფორმაციით, პანკისში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენენ მათ ხელშემწყობ პირებს.  

„დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენენ მათ ხელშემწყობ პირებს. თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისათვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულის აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც  ამ უკანასკნელმა ტავის არეში მიიღო დაზიანება, იგი ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია,“-განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია რომ დღეს სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, შემდეგ კი დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში.