„ბიძინა ივანიშვილი ოთხშაბათს თბილისელებს საშობაო საჩუქარს უმზადებს“

  00:13:50     26-12-2017

„ბიძინა ივანიშვილი ოთხშაბათს თბილისელებს საშობაო საჩუქარს უმზადებს“, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

„დღეს გაიმართა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მორიგი სხდომა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ენერგო-გადაცემის ტარიფის ზრდის შესახებ და ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ, ხოლო ოთხშაბათს დაგეგმილია კომისიის მომდევნო სხდომა, რომელზეც თბილისელი მომხმარებლებისათვის  მიღებული იქნება გადაწყვეტილება „თელასის” სამომხმარებლო ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ ტარიფი არის „გაბერილი”, რომ ტარიფი გაზრდილია მიხეილ სააკაშვილის და მასთან დაკავშირებული ჩინოვნიკების კორუფციული წილების შედეგად. ამის მიუხედავად, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ტარიფი არა თუ არ შემცირდა, მოხდა მისი რამოდენიმეჯერ კიდევ უფრო გაზრდა.

„თავისუფალი საქართველო” მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი შექმნილ ვითარებაში არის სამომხმარებლო ტარიფის დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტის ჩატარება, რაც საკმაოდ სერიოზულ სამუშაოებთან და ანაზღაურებასთანაა დაკავშირებული.
ამიტომ, „თავისუფალი საქართველო” მოუწოდებს კვალიფიციურ სპეციალისტებს (ეკონომისტებს, აგრეთვე მეცენატებს) მონაწილეობა მიიღონ ამ სოციალურად უმნიშვნელოვანეს პროცესში“, - აღნიშნულია განცხადებაში.