ენმ: გადასახადი ელექტროენერგიაზე ისევ იზრდება

  15:51:13     25-12-2017

„ნაციონალური მოძრაობა“ საახალწლოდ, დენის ტარიფის საახალწლოდ ზრდას გარდაუვლად მიიჩნევს და მას მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, უსიამოვნო საჩუქარს ხელისუფლება მოსახლეობას წინასაახალწლოდ უმზადებს.

„ქართულმა ოცნებამ“ საახალწლო საჩუქარი გაუკეთა საქართველოს მოსახლეობას. გადასახადი ელექტროენერგიაზე ისევ იზრდება. ეს არის უშუალოდ მთავრობის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგი. არა ერთხელ ვაფრთხილებდით, თუ არ გადადგამდნენ აუცილებელ ნაბიჯებს ეკონომიკის განვითარებისთვის, ლარი გაუფასურდებოდა და ის ნეგატიურად აისახებოდა როგორც ფასებზე, ასევე ტარიფებზე,“ - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ.
როგორც ცნობილია, ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. დენის ახალი ფასი ცნობილი უკვე ხვალ გახდება. დღეს კი, "სემეკი" ელექტროენერგიის საჯარო სხდომაზე "ჟინვალჰესის", "რიონჰესის", "ლაჯანურჰესის", "ძევრულჰესის", გუმათჰესების კასკადის და "შაორჰესის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს განიხილავენ.
დადგინდება ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები.

„კომისიას ექნება შესაძლებლობა, რომ 26 დეკემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელოს "თელასის" და "ენერგპროჯორჯიასათვის" საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის დადგენაზე,“ - განაცხადა "სემეკის" პრეს სპიკერმა ქეთი ბერიკაშვილმა.