მამუკა მდინარაძე: ეს კორუფცია არ არის

  15:39:58     25-12-2017

​„მე მგონი, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ რამდენადაც დიდია მხარდაჭერა „ქართული ოცნების“, იმდენად ბევრია მისი შემომწირველების რაოდენობა და ბუნებრივია, შემომწირველები არიან ის ადამიანები, ვისაც ამის საშუალება აქვს და ის ფირმები, ვისაც ამის საშუალება აქვს. ისინი იღებენ ტენდერებში მონაწილეობას, აწარმოებენ ბიზნესს, ქმნიან საქართველოში გარკვეულ პროდუქტს".

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.

კვლევაში საუბარია სახელმწიფო შესყიდვებისას კორუფციის ნიშნებზე. არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზს უსვამს ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიებმა დაახლოებით 75 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს.

მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი პარტიის შემომწირველები არიან კომპანიები, რომლებსაც ამის საშუალება აქვს და რომლებიც ქვეყანაში ბიზნესს აწარმოებენ.

ამასთან, მამუკა მდინარაძე კორუფციის დამადასტურებელი ფაქტების წარდგენას ითხოვს.

"ეს კორუფცია არ არის, კორუფცია არის კონკრეტული ფაქტი, როდესაც რამე დადასტურდება ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და როდესაც კორუფციაზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, მან უნდა დადოს მტკიცებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის საზოგადოების მოტყუებისთვის გადადგმული, მიზანმიმართული ქმედება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.