ქალი ფარაონი – ჰატშეფსუტი
11:33:24     23-05-2011
ეგვიპტის ისტორიაში, ქალები დიდ როლს თამაშობდნენ. ძველი წელთაღრიცხვით მეთექვსმეტე საუკუნეში, გაერთიანებული ეგვიპტის ტახტზე ავიდა ქალი, სახელად ჰატშეფსუტი. სამიათას ექვსასი წლის წინ მომხდარი ფაქტი, არც მანამდე ყოფილა და არც შემდგომ დიდხანს არ განმეორებულა მონარქიული სახელმწიფოს ისტორიაში. ჰატშეფსუტი იყო თუთმოს პირველის ქალიშვილი.
ისტორიიდან ჩანს, რომ ეგვიპტელი მეფეები დასაქორწინებლად ზოგჯერ შორეულ ქვეყნებში მიდიოდნენ, ცოლად აზიელებიც მოჰყავდათ. თუმცა ეგვიპტელი დიდგვაროვნები სისხლის აღრევას არ ერიდებოდნენ, საკუთარი ქონების და ღირსების დასაცავად დას ღვიძლ ძმაზე აქორწინებდნენ. თუთმოს პირველიც ასე მოიქცა; ჰატშეფსუტი თავის ვაჟს, თუთმოსს შერთო, რომელიც შემდგომ ფარაონად გამოაცხადა.
როგორც ჩანს, თუთმოსი ამ ქორწინების ერთგული მაინცდამაინც არ ყოფილა. ვიღაც უგვარო ქალთან შეეძინა შვილი, ეგვიპტის ისტორიაში იგი თუთმოს მესამის სახელითაა ცნობილი. თუთმოს მესამე, ეგვიპტის ერთ-ერთ უნიჭიერეს და ძლევამოსილ ფარაონადაა ცნობილი, თუმცა ფარაონის ტიტულის მოსაპოვებლად ოცდაშვიდი წელი მოუხდა ბრძოლა. არასრულწლოვანი თუთმოსი, მამის მსგავსად დაზე დანიშნეს, ფარაონად აკურთხეს და რეგენტად დედინაცვალი დაუნიშნეს.
ჰატშეფსუტს ეს მოვალეობა და თავად ფაქტი, დიდად არ ეპიტნავა, მაშინდელი შეხედულებები არაფრად ჩააგდო, თუთმოს მესამე სახელმწიფო საქმეებს ჩამოაშორა და თავი ფარაონად გამოაცხადა. იგი 27 წელი მართავდა ეგვიპტის უძლიერეს იმპერიას.
ჰატშეფსუტი არაფრით ჩამორჩებოდა თავის წინაპრებს. გადაიხადა ომები აზიასა და სამხრეთ აფრიკაში. მაგრამ ისტორიაში იმით უფროა ცნობილი, რომ თებეში ააშენა ბრწყინვალე ტაძრები, საძირკველი ჩაუყარა სატაძრო ხუროთმოძღვრების ახალ სტილს, რომელმაც შემდგომ დიდი გავლენა იქონია მსოფლიო ხუროთმოძღვრების განვითარებაზე.
არქეოლოგიური გათხრებით დადგინდა, რომ ჰატშეფსუტის ტაძრის მისასვლელი გზის ორივე მხარეს, ყოველ 10 მეტრში იდგა სფინქსები. ტრადიციული სფინქსებისგან განსხვავებით, რომლებიც მამაკაცის მკაცრსა და ძლიერ სახეს გამოხატავდნენ, აქ წარმოდგენილი იყო ნაზი და ლამაზი ქალბატონი.
ჰატშეფსუტის გარდაცვალების შემდეგ, ფარაონმა თუთმოს მესამემ ნაწილობრივ დაანგრია საძულველი დედინაცვლის მიერ აღმართული ტაძარი. მისი ბრძანებით ტაძრიდან გამოტანილი ასობით ქანდაკება დაამსხვრიეს და მიწაში ჩამარხეს. ამ ნამსხვრევებით სავსე ორმოები არქეოლოგების მიერ შემდგომ იქნა აღმოჩენილი. დედოფლის სახელი, რომელმაც თავისი მეფობით შეურაცხყო ფარაონთა ტახტი, ყველგან წაშალეს, ამოშალეს მისი ყველა გამოსახულება.
ისევე, როგორც ბურბონების დაბრუნების შემდეგ, ნაპოლეონის ხსენებაზე ენას ჭრიდნენ, თუთმოს მესამის მეფობის დროსაც, ჰატშეფსუტის სახელის წარმოთქმას ვერავინ გაბედავდა. თუმცა ისევე, როგორც ნაპოლეონის სახელი დღეს უფრო ცნობილია, ვიდრე რომელიმე ბურბონისა, ჰატშეფსუტის სახელის ხალხის მეხსიერებიდან წაშლა თუთმოსმა ვერ მოახერხა. იგი ძველი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო პიროვნებად რჩება. ჰატშეფსუტი იყო ქალი, რომელიც მრავალი საუკუნის წინ შეეცადა გათანასწორებოდა მოპირდაპირე სქესს და მონის დონემდე დაყვანილი ქალის ღირსება აემაღლებინა.