დავით ნარმანია ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად წარადგინეს

  12:15:11     21-12-2017

პარლამენტის  პლენარულ სხდომაზე დღეს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატები უნდა დაამტკიცონ. 

პრეზიდენტმა ორ ვაკანტურ ადგილზე თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია და კომისიის ყოფილი წევრი გოჩა შონია არიან წარდგენილები. 
მმართველი გუნდი მხარს უჭერს წარდგენილ კანდიდატებს.

„დავით ნარმანიას ექნება ჩვენი გუნდის მხარდაჭერა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ადამიანი ჩვენი გუნდის წევრია, ეს ადამიანი არის გამოცდილი ადამიანი და მე ვფიქრობ, რომ იმ თანამდებობაზე, სადაც ის განიხილება, ამ შემთხვევაში ადეკვატურად შეუძლია გაართვას თავის მოვალეობას თავი,“- განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე  მამუკა მდინარაძემ.

დავით ნარმანიას მხარდაჭერას არ აპირებს საპარლამენტო ოპოზიცია. 

მათი აზრით, რთული გამოწვევების ფონზე, დედაქალაქის ყოფილი მერის კანდიდატურა შეუსაბამოა.

„ფაქტია, რომ ყოფილ მერს, რომელსაც ბევრს უმადლის კონკრეტული პოლიტიკური პარტია, კონკრეტული პოლიტიკური გუნდი და ბიძინა ივანიშვილი, მთლად უხელფასოდ სახლში ვერ გაუშვებენ. ამიტომ ბევრი იფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ სარფიან ადგილას უნდა დაასაქმონ,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ნინო კალანდაძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა დავით ნარმანიას სასათბურე პირობები შეუქმნა.