პრემიერმა და მინისტრობის კანდიდატებმა, შესაძლოა, "ენმ"-სთან შეხვედრა შეწყვიტონ

  18:56:22     20-12-2017

იმის გამო, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე ცხარე კამათის საგანი გახდა, შესაძლოა, ფრაქციის სხდომა პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებმა დატოვონ.

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრს კითხვით რომან გოცირიძემ და ნიკა მელიამ მიმართეს, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ დააყენა საკითხი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები არ იყვნენ უფლებამოსილი კითხვით მიემართათ მთავრობის წევრობის კანდიდატებისთვის, რადგან შეხვედრა ფრაქციის ფორმატშია მოწვეული და პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს მთავრობის ანგარიშვალდებულებას ფრაქციის წინაშე. 

მისივე თქმით,  თუკი ფრაქციის წევრებს კითხვები აღარ აქვთ, შეხვედრა უნდა დასრულდეს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ დაყენებული წინადადება დაპირისპირების საგანი საგანი გახდა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიდან პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაში მხოლოდ ორი დეპუტატი: რომან გოცირიძე და ნიკა მელია მონაწილეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ისინი შეკითხვებს ფრაქციის წევრებს გადასცემენ და კითხვებით მთავრობის წევრებს დეპუტატები მიმართავდნენ.