კვირიკაშვილი სახლში, გახარია პრემიერად, ჩუბინიძე შს მინისტრად...

  15:18:16     18-12-2017

საქართველო დიდი სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში. კულუარებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ პრემიერი კვირიკაშვილი გადადგომისათვის ემზადება. 

კვირიკაშვილის გარემოცვის წევრები არაოფიციალურ საუბრებში, ფაქტობრივად, ადასტურებენ პრემიერის ჩანაცვლების ალბათობას და მის ორ შემცვლელსაც ასახელებენ. 

სავარაუდოდ, „ღარიბაშვილზე უკეთესს“, შს მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის. თუმცა, სახელდება მეორე კანდიდატიც - ფინანსთა მინისტრი ბახტაძე. 

შეიძლება ითქვას რომ ორივე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კადრია. 

პური - არა, სანახაობა - კი 

გაქცეული ლარისა და გაძვირებული პროდუქტების ფონზე, მხოლოდ პრემიერ კვირიკაშვილის სახლში გაშვება რომ საკმარისი არ იქნება, ეს ხელისუფლების არაოფიციალურ მმართველსაც უნდა ესმოდეს. 

[I=3]ეკონომიკა იშლება, ბიუროკრატია იზრდება, ხალხი ღარიბდება. ამიტომ, საჭიროა არა ფასადური, არამედ რეალური ცვლილებები, რეალური რეფორმები და რეალური ინვესტიციები... 

მართალია, გახარია ბევრად კომპეტენტურად გამოიყურება, ვიდრე კვირიკაშვილი, რომელიც როგორც წესი, ყველა კრიტიკულ სიტუაციას გაურბის ხოლმე, მაგრამ გაპრემიერების შემთხვევაში, შეძლებს თუ არა, იგი, ქვეყანაში არსებული ღრმა ეკონომიკური პრობლემების დაძლევას, თანაც დაძაბული პოლიტიკური ვითარების პარალელურად, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

მანამდე კი, გაღარიბებულ და „უპუროდ“ დარჩენილ საზოგადოებას ისღა დარჩენია რომ მორიგ სამთავრობო სანახაობას დაელოდოს.

რა ხდება შსს-ში?

[I=2]პოლიციაში გახარია ჯერ ისევ „ახალი ცოცხია“, თუმცა, შსს-ში კვლავ ელოდებიან ცვლილებებს. 

შს ახალი მინისტრი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე იქნება. 

ჩუბინიძე, კომუნიკაბელურობითა და ნაკლები ბიუროკრატიის წყალობით, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც მთავრობაში, ისე მის გარეთ.

მიუხედავად ამისა, დიდი ალბათობით, ჩუბინიძის გამინისტრების შემდეგ ისევ შეიცვლება მოადგილეები და პოლიციის უფროსთა უმრავლესობა. 

სად წავა კვირიკაშვილი? 

კვირიკაშვილის წინამორბედი ზუსტად დეკემბერში გადადგა, თანაც ისე რომ წესიერად არც იცოდა რომ სახლში მიდიოდა...

ამიტომ, უმრავლესობის წევრთა განცხადებები იმასთან დაკავშირებით რომ „კვირიკაშვილის გადადგომა გამორიცხულია“, საკმაოდ კურიოზულად გამოიყურება მაშინ, როდესაც ქვეყანასაც და ხელისუფლებასაც „ერთი კაცი მართავს“. 

ბატონი გიორგი არ არის და ალბათ, ვერც გახდება იმ დონის პოლიტიკოსი, რომელზეც თაობები ისაუბრებენ. 

შესაბამისად, სადაც არ უნდა წავიდეს კვირიკაშვილი, ის ისევე დაკარგავს პოლიტიკურ მხარდაჭერას თავად ხელისუფლების მხრიდან, როგორც ეს ღარიბაშვილის შემთხვევაში მოხდა.

„არ იყო ცუდი პრემიერი“, - ეს ყველაზე მაღალი შეფასება იქნება, რომელიც შესაძლოა, მისი გადადგომის შემდეგ მოვისმინოთ, ობიექტური და მიუკერძოებელი ექსპერტებისაგან.