რუსთავში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

  14:38:23     13-12-2017

რუსთავში, მარის არხის დასახლებაში, მეზობლებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. 

შემთხვევა, წუხელ გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახში შელაპარაკება ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს შორის მოხდა. ერთ-ერთმა მამაკაცმა მეზობელს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაივანეს. 

მამაკაცს ცივი იარაღით ხელის, ფეხისა და გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, რომელიც შემავალი არ არის, თუმცა დაზიანებული აქვს რბილი ქსოვილები და მყესები. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.