„თქვენ მოახერხეთ, რომ 1 წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლომ ორჯერ გამხილათ“

  13:35:10     13-12-2017

„ყველამ ვნახეთ, რა მოსდის სახელმწიფო ინსტიტუტებს, როდესაც ხელისუფლება ოპონენტების მიმართ პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკურ ძალადობასა და დაპატიმრებას ახორციელებს“, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის დეპუტატი სერგო რატიანი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. 

„სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში „ქართული ოცნება“ არა უბრალოდ თანამონაწილეობს, არამედ სათავე დაუდო მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნას. თქვენ აზიანებთ ქვეყნის იმიჯს, აფერხებთ დემოკრატიის განვითარებას და აბრუნებთ ქვეყანას პოსტსაბჭოთა ჭაობში. ეს არის ძალიან მძიმე. თქვენ მოახერხეთ, რომ ერთი წლის განმავლობაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორჯერ გამხილათ და მიგითითათ, რომ საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა - ერთხელ ეს მოხდა „რუსთავი2“-თან მიმართებით და ასევე, ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში. ეს არის სამარცხვინო”, - განაცხადა სერგო რატიანმა საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით. 

სერგო რატიანმა ასევე პოლიტიკური დევნის ფაქტებად შეაფასა ირაკლი ჩხირკვიას, გოგა ონიანის, აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეები.