კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული მოქალაქეობის საკითხი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება

  16:55:11     12-12-2017

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული მოქალაქეობის საკითხი მომავალი წლის ნოემბრის ნაცვლად, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში იყო შეთავაზება, რომ ნორმა, რომელიც მოქალაქეობასთან არის დაკავშირებული, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდეს. 
„ახალი რედაქციის კონსტიტუციით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა აპრიორი საქართველოს მოქალაქობის დაკარგვის საფუძველი აღარ არის. იყო შემოთავაზება, რომ შესაბამისი ნორმა აგვემოქმედებინა უფრო ადრე, ვიდრე სხვა რეგულაციები. კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს შესაბამისი ჩანაწერი ემატება და როგორც კი ცვლილებები გამოქვეყნდება, ამოქმედდება ნორმა მოქალაქეობის თაობაზე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. 

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესი, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები ორგანული კანონით განისაზღვრება.