სოსო ცინცაძე: გუშინ სააკაშვილის ვარსკვლავის საათი იყო

  13:04:35     12-12-2017

უკრაინაში,  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ შეკითხვებს, „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე პასუხობს.

- ბატონო სოსო, როგორ შეაფასებდით უკრაინაში სააკაშვილის ირგვლივ  განვითარებულ მოვლენებს? 

- უკრაინაში მიმდინარე პროცესების შეფასებას დავიწყებ  გუშინდელი სასამართლო  გადაწყვეტილებით. მოსამართლე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლა,  არც ჟანა დარკია და არც მარგარეტ ტეტჩერი, ის უბრალოდ ჭკვიანი ქალია, რომელიც ხედავს, რომ პოროშენკოს დღეები დათვლილია და  ამიტომ სახის შენარჩუნებას ცდილობს, ეს მოახერხა კიდეც.

გუშინდელი მოვლენა  კიდევ ერთ ილუსტრაციად იქცა იმისა, რომ სააკაშვილმა ზუსტად შეურჩია პოროშენკოს მომენტი გენერალური შეტევისათვის.

პოროშენკოს რეჟიმი ძირგამომპალია, კორუფცია ყოველგვარ ზღვარს სცდება. ის ჩამოწერილია, როგორც უკრაინელი საზოგადოების, ასევე დასავლელი ადრინდელი სპონსორების მიერ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ უკრაინაში სააკაშვილი საჭირო მომენტში, საჭირო დროს აღმოჩნდა?

- სწორედაც, რომ სააკაშვილი საჭირო მომენტში, საჭირო დროს აღმოჩნდა.  მან ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ ის პოლიტიკისთვის არის დაბადებული, განსხვავებით, დღევანდელი ქართველი პოლიტიკოსებისაგან.

მეორე მომენტი გახლავთ, რომ უკრაინაში არ აღმოჩნდა ქარიზმატული, ეროვნული წარმოშობის  ძლიერი პოლიტიკოსი. იულია ტიმოშენკო ვერ ქაჩავს საერთო ლიდერის როლს, ამ დროს გამოჩნდა სააკაშვილი. ის, უკრაინელთა უმრავლესობამ თავიანთ ლიდერად აღიარა.

დღეს უკვე პოროშენკოს არჩევანი აღარ აქვს, მას შეუძლია ცუდსა და უარესს შორის გააკეთოს არჩევანი.

- თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები გუშინდელი სასამართლო გადწყვეტილების შემდეგ?

- მზადდება ახალი ბრალდება, შეიძლება კიდევ შეეცადონ მის დაპატიმრებას, მაგრამ გუშინდელი გამამართლებელი ვერდიქტის შემდეგ, ძნელი იქნება სააკაშვილისათვის დამაჯერებელი ბრალდების წაყენება.

არ არის აუცილებელი, რომ სასამართლო გადაწყვეტილება იყოს იურიდიული პრინციპით სამართლიანი, საჭიროა იყოს  უფრო დამაჯერებელი მასებისათვის. 

ქართული ხელისუფლების ტრაგედიაა, რომ მაშინაც კი, როდესაც ის სხვადასხვა განზომილებებით ცდილობს სწორი ნაბიჯი გადადგას უნდობლობას უცხადებს მოსახლეობა.

კეთილი ნებით გაკეთებულსაც კი ეჭვის თვალით უყურებს საზოგადოება. ამ მდგომარეობაშია  დღეს პოროშენკო.

[I=2]გუშინ სააკაშვილის ვარსკვლავის საათი იყო, დაახლოებით ისეთი სიტუაცია, როდესაც ის პარლამენტში შევარდა და შევარდნაძის ჩაი დალია.

მეორე მხრივ, შესაძლოა სევდიანი ირონიით აღვნიშნოთ, რომ ამ წლის დასასრული ტრაგიკული იყო საქართველოსათვის, დაწყებული ზაფხულში  ტყის ხანძრებით, რომლის ძიება ვითომდა დაწყებულია, ბათუმის ტრაგედია, ჩატაევის ეპოპეა, ბავშვების მკვლელობა და ა.შ, სააკაშვილის ამბებმა ეს თემები თითქოსდა გადაფარა.

მთავარი ფაქტორი გახლავთ დასავლეთი, რომელთა მმართველებიც ჩვენი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით ბევრად თავშკავებულები არიან. ისინი უკრაინის მოვლენებს სერიოზულად აღიქვამენ, ცხადია, რომ დღეს დასავლეთში ფორსმაჟორულ რეჟიმში ეძებენ ახალ ლიდერს უკრაინისათვის, არამგონია, რომ არჩევანი სააკაშვილზე შეჩერდეს, მმართველად ალბათ თავად უკრაინელს აირჩევენ. 

სააკაშვილმა უკვე მერამდენედ დაამტკიცა, რომ ის პოლიტიკისათვის არის დაბადებული, მზად არის სერიოზულ რისკზე წავიდეს, რასაც ჩვენს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ვერ ვხედავ. 

- სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით,  როგორია თქვენი ვარაუდი?

- ექსტრადირება საკმაოდ რთული პროცესია, გუშინ გამოითქვა აზრი, რომ დეპორტაცია უფრო სამართლებრივად მარტივი პროცედურაა, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა. 

წარმოიდგინეთ მისი სასამართლო თბილისში, ეს ვერ იქნება დახურული პროცესი, უკრაინის მოვლენების შემდეგ არამგონია ცივილიზებულ მსოფლიოში დარჩეს მედიასაშუალება, რომელიც არ მოისურვებს ამის გაშუქებას.

სააკაშვილი ამით მიიღებს იმას, რაც მას ყველაზე მეტად უნდა, ეს გახლავთ ტრიბუნა, მას პირზე ხელს ვერავინ მიაფარებს.

დამაჯერებელი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ წარმოუდგენია არავის, დანაშაულის ჩადენა ერთია, მისი დამტკიცება კი მეორე.დანაშაულის ჩადენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მისი დამტკიცება კი ნებისმიერ პროკურორს არ შეუძლია.

საქართველოში მისი დაბრუნება და სასამართლო, ეს შეიძლება იყოს ის, რაზეც უარს არ იტყოდა სააკაშვილი.