"ბონუსის მიზანი პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა იყო"

  13:45:40     11-12-2017

"ბონუსის სისტემის გაუქმებით რისკები იქმნება, თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობაა, მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საფრთხეები პრაქტიკაში არ წარმოიშვას", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პირველი მოსმენით ახალმიღებულ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებები წარადგინა. 

„პირადად ვიყავი მომხრე ბონუსის სისტემის. ბონუსის მიზანი პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა იყო. ჩვენ ვხედავთ, როგორ რთულად წარიმართება პროცესები ევროპის ქვეყნებში. განვითარებულ ტრადიციულ დემოკრატიებსაც კი უჭირთ პროცესების სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა პროპორციული საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე. წარმოიდგინეთ, რა პრობლემა შეიძლება დამდგარიყო საქართველოში, თუკი პარლამენტი რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებდა მთავრობის ფორმირებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და ხაზგასმით განაცხადა, რომ ბონუსის სისტემის გაუქმება ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით ხდება.

ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ის რეკომენდაციები გააცნო, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში დაისვა.