მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები - პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობაა

  13:32:08     06-12-2017

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომელიც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს ითვალისწინებს.
 

შეთავაზებულ ცვლილებებში არის საკითხები, რომელთან დაკავშირებით,  ერთიანი პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობაში არ არსებობს. 
საქმე ეხება გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებას. 

„გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით არის, როგორც გუნდში, ასევე ზოგადად, განსხვავებული მოსაზრებები. მთავარია, რომ გარემოს დაცვა პრიორიტეტი იყოს, ყურადღება არ მოაკლდეს,“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა.

ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარის, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით,  ის გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმების შესახებ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს, რადგან მისი აზრით, ეს გარემოს დაცვის სისტემის დასუსტებას გამოიწვევს.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე ჯერჯერობით ვერ ასახელებს კონკრეტულ რიცხვს, რამდენი ადამიანი დატოვებს სამსახურს, თუმცა აღნიშნავს, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებას ითვალისწინებს.

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პაკეტს ოპოზიცია მხარს არ უჭერს.

„პატრიოტთა ალიანსი“  სტრუქტურული ცვლილებების განხილვას სპექტაკლი უწოდებს, რაშიც პარტია მონაწილეობას არ მიიღებს.