"სააკაშვილის დაკავება იმის საფუძველზე, რომ იგი გარკვეული სახის რუსი აგენტია, ძალიან დილეტანტურად ჟღერს"

  17:44:37     05-12-2017

შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი კიევში განვითარებულ მოვლენებს თავის ტვიტერზე ეხმიანება და მას შემაშფოთებელს უწოდებს. მისი თქმით, აღნიშნულო მოვლენები უკრაინის მიმართ დასავლეთის ნდობას რადიკალურად შეამცირებს.

"პოლიტიკური დაკავებები რადიკალურად შეამცირებს დასავლეთის ნდობას უკრაინის მიმართ. დღის ბოლოს მთავარი უსაფრთხოების საკითხი იქნება.

სააკაშვილის დაკავება იმის საფუძველზე, რომ იგი გარკვეული სახის რუსი აგენტია, ძალიან დილეტანტურად ჟღერს, ამ ისტორიას ვინ დაიჯერებს?", - წერს ბილდტი.

დღეს დილიდან სააკაშვილის ბინასთან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილის ბინაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

სააკაშვილი კორპუსის სახურავზე ავიდა და იქ შეკრებილ მომხრეებს მიმართა, შემდეგ კი იგი დააკვეს. სამართალდამცველებმა იგი მიკროავტობუსში ჩასვეს, თუმცა იქ შეკრებილმა მისმა მომხრეებმა ავტობუსს დაძვრის საშუალება არ მისცეს. რამდენიმე საათიანი დაპირისპირების შემდეგ კი, სააკაშვილის მომხრეებმა მისი მიკროავტობუსიდან დახსნა შეძლეს და შემდეგ რადას შენობისკენ გაემართნენ, სადაც სააკაშვილი მომხრეების წინაშე სიტყვით გამოვიდა.