ეკა ბესელია: დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აღარ გაერთიანდება

  12:01:47     05-12-2017

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით მთავრობის სტრუქტრულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს განიხილავს. 

კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ეკა ბესელიამ  ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აღარ გაერთიანდება. 

„დაზვერვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციები შედგა, მათ შორის, ექსპერტებთან, პარტნიორებთან. ჩვენ მოვისმინეთ სამოქალაქო სექტორის მოსაზრებები, რომ არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვები, იქ, სადაც არ უნდა გაჩნდეს და ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეს განცდა იმისა, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების თვალსაზრისით რაიმე სტანდარტი არ იწევა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ ეს ორი სამსახური დარჩება ისე, როგორც დღეს არის. კითხვები იყო ხელოვნური და იყო ისეთი კითხვებიც და მოსაზრებები, რომელიც ინიცირებული პროექტისგან იყო დაშორებული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. 
რაც შეეხება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსრების სამინისტროსთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ეკა ბესელია თქმით, კანონში ჩაიწერება გარანტიები, რომლითაც ხაზი გაესმება, გარემოს დაცვის მიმართულების განსაკუთრებულ პრიორიტეტულობას. 

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხვალ რიგგარეშე სხდომის ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.