ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს დორის ლოიტჰარდს შეხვდა

  18:07:36     04-12-2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს დორის ლოიტჰარდს შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ დორის ლოიტჰარდს შვეიცარიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვისა და რუსეთთან ურთიერთობაში შუამავლის ფუნქციის ეფექტურად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ისაუბრეს. ქართული მხარის განცხადებით, აუცილებელია, ოკუპირებულ რეგიონებში შეიქმნას საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობას გაუწევს მონიტორინგს. შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ ამ პროცესში შვეიცარია ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერას გაუწევს.

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა კვლავაც გააგრძელებს განვითარების თანამშრომლობის პროგრამების განხორციელებას საქართველოში. დორის ლოიტჰარდმა აღნიშნა, რომ პროგრამების ძირითადი ფოკუსი კვლავაც იქნება სოფლის მეურნეობა, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა და მმართველობის სისტემა. აგრეთვე, მისივე თქმით, შვეიცარია გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერასა და ტექნიკური დახმარების გაწევას დეცენტრალიზაციის რეფორმის მიმართულებითაც.