სოფო კილაძე ჩატაევზე: ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სამსახურები მუშაობს არაეფექტურად

  16:48:59     01-12-2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ერთერთი, საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევია, საპარლამენტო უმრავლესობამ საკუთარი შეფასებები გამოთქვა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის განცხადებით, ტერორიზმის საფრთხის წინაშე არა ერთი ქვეყანა დგას და მომხდარი არ ნიშნავს იმას, რომ ქართული სპეცსამსახურები ცუდად მუშაობენ.

„სამწუხაროდ 21-ე საუკუნეში, ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით დასავლურ ქვეყნებში ხდება ის უბედურება, რასაც ტერორიზმი ჰქვია და ასევე გვინახავს არა ერთი ტერორისტული აქტი, მათ შორის ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სამსახურები მუშაობს არაეფექტურად,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას იმის შესახებ, რომ ახმედ ჩატაევის ქართული ციხიდან გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა, სოფო კილაძის თქმით, ჩატაევის გათავისუფლება მომხდართან პირდაპირ კავშირში არ არის.

„ორი საკითხი უნდა გავყოთ ერთმანეთისგან, რატომ მოხდა იმ ადამიანის გათავისუფლება, ამას სულ სხვა საფუძველი ჰქონდა და დღესდღეობით ის, რაც ჩაიდინა ამ ადამიანმა. ერთი მეორესთან პირდაპირ კავშირში შეიძლება არ იყოს და ამიტომ აქედან გამომდინარე, სჯობს დაველოდოთ საბოლოო შედეგებს გამოძიების,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.