"FBI-დან რამდენიმე ექსპერტი ჩამოვიდა და ეხმარებიან ქართველ სამართალდამცავებს"

  13:59:48     01-12-2017

FBI-დან რამდენიმე ექსპერტი ჩამოვიდა და ეხმარებიან ქართველ სამართალდამცავებს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

"რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას, მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გეტყვით იმას, რომ საქართველოს მთავრობის თხოვნით FBI-დან რამდენიმე ექსპერტი ჩამოვიდა, რომლებიც ეხმარებიან გამოძიების პროცესში. ასევე, ჩვენი ინფორმაციით დღეს პრესკონფერენცია გაიმართება სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ინტერესით ველოდებით ამას", - განაცხადა იან კელიმ.

მისივე თქმით, არ უნახავს შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება, სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირების ქვეყანაში არალეგალური გზით შემოსვლასთან დაკავშირებით, ,,თუმცა, არსებობს კონკრეტული კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს პირები იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და როგორ აღმოჩნდნენ ისინი საქართველოში“.