თამაზ მეჭიაურმა "კაპოტებიდან" რესტორან "ელიტაში" გადაინაცვლა

  12:18:07     01-12-2017

თიანეთის ხმაურით არჩეული მერი თამაზ მეჭიაური დღეს 63 წლის გახდა. „კაპოტებზე" ქეიფს ნაჩვევი მერი საკუთარ იუბილეს ამჯერად რესტორანში აღნიშნავს. რესტორან "ელიტაში" მას 150 კაციანი სუფრა აქვს შეკვეთილი და მიწვეულ სტუმრებს შორის არიან როგორც პოლიტიკოსები, ისე თიანეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

თუ გავითვალისწინებთ, რომ რესტორან "ელიტაში" ერთ ადამიანზე საშუალო დონის მასპინძლობა 70 ლარი ღირს, გამოდის რომ იუბილარი მასპინძელი ამ ერთი დღისთვის 10 ათას ლარს დახარჯავს. 

არადა, საყოველთაოდ ცნობილია მისი წუხილი ფინანსური ხელმოკლეობის თაობაზე, რის გამოც ის მოკრძალებულად ცხოვრობს, თბილისში კი ბინა არა აქვს. 

"პრესა.ჯი" თიანეთის მერის საიუბილეო წვეულების დეტალებით დაინტერესდა და პირადად დაუკავშირდა მას. თამაზ მეჭიაურს, როგორც თავად განაცხადა, დასამალი არაფერი აქვს და იმის მიუხედავად რომ ზოგადად, დაბადების დღის აღნიშვნა არ უყვარს, დღევანდელ დღეს, თბილისში, გლდანი-მუხიანის ტერიტორიაზე მდებარე რესტორანში, წვეულებას მეგობრები გადაუხდიან ისე, რომ მისი პირადი ხარჯი მთლიანობაში, 2 ათას ლარს არ აღემატება.

"ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ბიჭები ისედაც აპირებდნენ ქეიფს და მერე შევთანხმდით, რომ სამომავლოდ, რესტორანში ერთობლივი ძალისხმევით აგვეღნიშნა ჩემი დაბადების დღით. რესტორანი ჩემი მეგობრის, გოჩა სისაურისაა და დარბაზი გვათხოვა, დანარჩენი ყველაფერი ჩემს მეგობრებზეა. მხოლოდ მომსახურე პერსონალი მიიღებს კუთვნილ გასამრჯელოს. 

[I=2]დაბადების დღის გადახდაში ჩემი ძმა და მეგობრები მეხმარებიან, ღვინით დაწყებული და თიანეთური ხის სოკოთი დამთავრებული.

თორემ დაბადების დღის გადახდა ისედაც არ მიყვარს, არც პომპეზური წვეულებები მიზიდავს და ქეიფი სახალხო დღესასწაულებზე მირჩევნია, მაგალითად, ლაშარობაზე. 

რა ვქნა, ლაშარობა ზაფხულშია, ჩემი დაბადების დღე კი სულ პირველ დეკემბერს არის.

მართლა კაპოტებს ხომ ვერ მივადგამთ და ისე ხომ არ ვიქეიფებთ. მოკლედ, დაბადების დღეს ჩემი სამეგობრო მიხდის და სხვადასხვა დროს, მეც იგივეს ვაკეთებ, როცა შემიძლია"- განაცხადა თიანეთის მერმა.

როგორც თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, სტუმრები წინასწარ მიწვეული არ ჰყავს, თუმცა უმასპინძლებს ყველას, ვინც იუბილარს დააფასებს.

"პრესა.ჯი" დაინტერესდა, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ სწორედ ამ სუფრაზე მოხდეს მისი და მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილთან შერიგებაც, რომელთანაც სკანდალური დაპირისპირების გარდა, ნათესაური კავშირიც გააჩნია.

საპასუხოდ, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ ამ დრომდე ზაქარია ქუცნაშვილს ბიძისთვის არ დაურეკავს და დაბადების დღე არ მიულოცავს...