"როცა საქმე ეხება ტერორიზმს და უსაფრთხოებას, ყველა კითხვას საჯარო პასუხები ვერ გაეცემა"

  15:26:50     29-11-2017

"როცა საქმე ეხება ტერორიზმს და უსაფრთხოებას, ყველა კითხვას საჯარო პასუხები ვერ გაეცემა".

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამაჯერებლად შეასრულეს ამ სპეცოპერაციის ორივე ამოცანა - მოსახლეობის დაცვაც და საფრთხის განეიტრალებაც. 

„როცა საქმე ეხება ტერორიზმს და უსაფრთხოებას, ყველა კითხვას რა თქმა უნდა, საჯარო პასუხები ვერ გაეცემა. პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში ჩვენ აუცილებლად მოვუსმენთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მეტ ინფორმაციას მივიღებთ ამ სპეცოპერაციის შესახებ. მინდა კოლეგებს შევახსენო ოპოზიციიდან, რომ სახელმწიფო იცავს მოქალაქეებს იმის მიუხედავად, თუ რა სახელი და გვარი აქვთ ტერორისტებს. ამიტომ, აპელირება იმაზე, რომელ ტერორისტს რა სახელი და გვარი ან რა პასპორტი ჰქონდა, ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. ჩემთვის ცოტა გასაკვირია, როდესაც თქვენ გაცხადებულ მიზნად დასავლური სახელმწიფოს შექმნა გაქვთ, რომლის საყრდენი ცენტრებიც ისეთი ქალაქებია, როგორიცაა: ლონდონი, ბრიუსელი, პარიზი, სადაც ტერაქტებს ჰქონდა ადგილი და ჩვენ ვნახეთ პოლიტიკოსების და მოსახლეობის სოლიდარობა, კონსოლიდაცია ამ ტერორისტული აქტების შემდეგ, რასაც, სამწუხაროდ, აქ ვერ ვხედავთ. მიმდინარე პერიოდში ოპოზიციის ნაწილი ძალიან კორექტულ განცხადებებს აკეთებდა, თუმცა მეორე ნაწილი გამოირჩევა კრიტიკით და თავდასხმებით ჩვენი სპეცსამსახურების მიმართ, რაც მიუღებელია და ელემენტარული უმადურობაა ამ ადამიანების მისამართით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.