ნიუ-იორკის ტერაქტში ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

  13:02:32     29-11-2017

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ-იორკის ტერაქტში ბრალდებული, რომელმაც ფეხით მოსიარულეებს სატვირთო მანქანით გადაუარა და რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

საიფულო საიპოვმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წელს უზბეკეთიდან ჩავიდა, ფედერალურ სასამართლოში პროცესზე უდანაშაულოდ ცნობის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. მას ბრალი ტერორიზმისა და მკვლელობის მუხლების 22 სხვადასხვა პუნქტით აქვს წაყენებული, მათ შორის არის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მატერიალური მხარდაჭერაც.

შეგახსებენთ, რომ 31 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, ველობილიკზე მსუბუქი სატვირთო მანქანა შევარდა და 8 ადამიანი მოკლა. სულ ცოტა 11 დაშავებულია. თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს, მისი შემსრულებელი კი წარმოშობით უზბეკი საიფულო საიპოვი იყო.