"კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას ჰქონდა პოლიტიკური სარჩული"

  12:34:07     29-11-2017

ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას BBC-მ სტატია მიუძღვნა.

როგორ განვითარდება მოვლენები ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რამდენად დიდი შანსია, რომ  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც პოლიტპატიმრის სტატუსს ინარჩუნებს პატიმრობიდან გაათავისუფლონ? ამასთან დაკავშირებით „პრესა.ჯი“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. 

-ბატონო ნიკა, როგორ შეფასებდით ევროსასამართლოს მიერ, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას?


- გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას ჰქონდა პოლიტიკური სარჩული, ევროპის საბჭომ მანამდეც მიიღო მერაბიშვილთან დაკავშირებით კონკრეტული დადგენილება, ამიტომაც მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ის ციხიდან უნდა გამოუშვას.

მაგალითად რუსეთმაც კი, სადაც ავტორიტარული რეჟიმია, ევროპის საბჭოს დადგენილების შესაბამისად რამდენიმე ადამიანი, რომელიც დამტკიცდა, რომ პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებულები გაათავისუფლა, იგივე გააკეთა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ. ამის გათვალისწინებით, მე მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურად უნდა მოიქცეს. 

-როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი შანსია იმისა, რომ ვანო მერაბიშვილი გაათავისუფლონ?

-მე მაქვს სურვილი და დიდი იმედი,  რომ  საქართველოს ხელუსუფლება ისევე, როგორც სხვა ქვეყნები იქცევიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების მიმართ,  ვანო მერაბიშვილს გაათავისუფლებს.

მისი საქმიანობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, შეცდომები იქნა დაშვებული, თუმცა ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა შსს-სა და უსაფრთხოების  სტრუქტურაში.

ის პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული და ვფიქრობ, უნდა გაათავისუფლონ.

-ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სტრანსბურგის გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს ეროვნულ დონეზე მიღებული ინსტანციის გადაწყვეტილებაზე, ეთანხმებით თუ არა მას? 


-არ ვეთანხმები ეკა ბესელიას, რადგან ჩვენ ვიცით მაგალითად, „რუსთავი2“-ის საქმე,  ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში უზენაესი გახდა და მან გადაწონა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება,  ტელეკომპანიის მფლობელის შეცვლასთან დაკავშირებით.   

დარწმუნებული ვარ,  რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება სწორედაც რომ მნიშვნელოვანია და ბევრ რამესაც ცვლის.

 -რა არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას?

-ამ შემთხვევაში  დასავლურ  საზოგადოებაში ნაკლები კითხვები გაჩნდება, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტპატიმრები, გარდა ამისა ვფიქრობ, რომ სამართლიანობის თვალსაზრისით, ვანო მერაბიშვილს უფრო მეტად ეკუთვნის თავისუფლება, ვიდრე მაგალითად,  ახმედ ჩატაევს. მოგეხსენებათ, რომ ის საქალაქო  სასამართლომ ხუთი ათასიანი გირაოთი გაათავისუფლა, თუ ჩატაევისნაირ ტერორისტს უშვებენ ციხიდან, ბუნებრივია, რომ ვანო მერაბიშვილის თავისუფლება აბსოლიტურად ლოგიკური  და სამართლიანი იქნება.