მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა ჩრდილოეთ კორეა და მისგან მომავალი რეალური საფრთხე

  10:27:16     29-11-2017

„ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის ბოლო გაშვება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის“, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან მუნ ჩჟე ინთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

მათ აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბოლო პროვოკაცია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ აშშ-სა და სამხრეთ კორეისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის.
ტრამპის თქმით, ეს პროგრამა ჩრდილოეთ კორეის დიპლომატიურ და ეკონომიკურ იზოლაციას აძლიერებს. მსოფლიო ლიდერები არაერთხელ აპროტესტებენ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული რაკეტის გამოცდას.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კორეის მიერ, რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ სარაკეტო გამოცდაზე განაცხადა: „ ამ ბიჭს მეტი საქმე არ აქვს?".
2017 წელი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ქვეყანამ თებერვლის შემდეგ, ტექნოლოგიის დასახვეწად, 14 ტესტის ფარგლებში, 21 რაკეტა გამოსცადა. 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, ჩრდილოეთ კორეამ პირველად გამოსცადა თავისი პირველი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა (ICBM), რომელიც მისივე მტკიცებით, დედამიწის ყველა წერტილამდე შეუძლია მიღწევა. 29 აგვისტოს, პირველად, ჩრდილოეთ კორეის რაკეტამ იაპონიის თავზე წარმატებით გადაიფრინა, სავარაუდოდ, დაახლოებით 550 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია, 2 700 კილომეტრი დაფარა და წყნარ ოკეანეში ჩაეშვა.
მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის მიერ ბალისტიკური რაკეტების გახშირებული გამოცდები მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება.

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს აფრთხილებს, რომ შეიარაღებული და სახიფათოა.
საინტერესეოა, როგორ გახდა ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ქვეყანა?

მსოფლიოში ცხრა ბირთვულ ქვეყანას შორის, ერთ-ერთი სწორედ ჩრდილოეთ კორეა გახლავთ.კიმ ჩენ იანის რეჟიმმა ატომური ტექნოლოგია პირველად 1950-იან წლებში, საბჭოთა კავშირისგან მიიღო. 1985 წელს ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე საერთაშორისო შეთანხმებას შეუერთდა, რომელიც ქვეყნებს ატომური იარაღის წარმოებას უკრძალავს, თუმცა ერთი წლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ იონბიონში ბირთვული საწარმო ამუშავდა. 2003-ში კი ქვეყანა აღნიშნულ შეთანხმებას საერთოდ გამოეთიშა.

46-წლიანი მმართველობის შემდეგ, კიმ ირ სენი 1994 წელს გარდაიცვალა, ძალაუფლება კი დაუყოვნებლივ მისმა შვილმა, კიმ ჩენ იანმა გადაიბარა. მან პირველად ჩაატარა ბირთვული ტესტი 2006 წელს.
ისინი მიიჩნევენ, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთადერთი გარანტია ბირთვული იარაღია.