სალმან რუშდის წიგნზე ფილმი გადაიღეს
11:29:22     21-05-2011
შრი-ლანკაში სალმან რუშდის რომანის „Midnight’s Children“ ეკრანიზაცია დასრულდა. ამის შესახებ „ბიბი ნიუსი“ იტყობინება.
კინოსურათის რეჟისორი ინდური წარმოშობის კანადელი დიპ მეჰტია. პროექტი ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა დაანონსებული. ყველა მსახიობმა და გადამღები ჯგუფის წევრმა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ფილმის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის გავრცელება ეკრძალებოდათ. ამგვარად, კინოსურათის შექმნელებმა სხვადასხვა რელიგიური დაჯგუფებების პროტესტი აიცილეს თავიდან.
სალმან რუშდის „Midnight’s Children“ პირველად 1981 წელს გამოქვეყნდა. წიგნის მთავარი გმირი 1947 წელს დაბადებული სალემ სინაია, რომელიც დროთა განმავლობაში აღმოაჩენს, რომ ტელეპათიის უნარით არის დაჯილდოვებული.
წიგნმა, გამოსვლის წელსვე, „ბუკერის“ პრემია მიიღო. მასზე ფილმის გადაღებას ჯერ კიდევ 90-იან წლებში, კუნძულ შრი-ლანკაზე ცდილობდნენ, თუმცა პროექტი ადგილობრივი მუსულმანების პროტესტის გამო შეჩერდა.