"სპეცოპერაციის დროს დაკავებული ტერორიზმთან კავშირს უარყოფს"

  12:09:38     27-11-2017

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სპეცოპერაციის ფარგლებში, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირი მოინახულა. ომბუდსმენის თქმით,  ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირი აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთაგან მხოლოდ ერთ პირს იცნობდა.

"ის უარყოფს ტერორიზმთან კავშირს თუმცა, აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას, ასევე ამბობს, რომ ის არ იცნობდა იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც განხორციელდა სპეცოპერაცია, დიდ ნაწილს, მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობდა, შესაბამისად, ის იყო დაინტერესებული, რომ მეტი ინფორმაცია მიეღო მისი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რა ინფორმაციაც ჩვენ მას მივაწოდეთ,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი. 

მისივე განმარტებით, გამოძიებამ ყველა იმ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რომელიც წარმოიშვა ამ კონკრეტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

"თუ როგორ მოხვდა, თუნდაც, ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე. ეს კითხვები რა თქმა უნდა, არსებობს და იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში საზოგადოებას უფრო დეტალური ინფორმაცია წარედგინება ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან," - აღნიშნა ნანუაშვილმა.