"ჩატარებული სპეცოპერაციის თემას გიორგი მარგველაშვილი სპეკულაციისთვის იყენებს"

  18:32:59     24-11-2017

"დღეს მოქმედი კონსტიტუციითაც სპეცოპერაციებთან, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმთან თუ სხვა შემთხვევებთან, უშიშროების საბჭოს არანაირი კავშირში არა აქვს.

​ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ  ჩატარებული სპეცოპერაციის თემას გიორგი მარგველაშვილი სპეკულაციისთვის იყენებს. 

“მოქმედ კონსტიტუაციაში პირდაპირ წერია, რომ უშიშროების საბჭოს ფუნქცია არის თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა და ამ სფეროს მოწესრიგება. რა შუაშია სპეცოპერაციებთან უშიშროების საბჭო?! არ შეიძლება ყველა თემით სპეკულირება, მით უმეტეს ისეთი თანამდებობის პირის მხრიდან, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  უშიშროების საბჭოს არასდროს ჰქონია კავშირი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან. 
“უშიშროების საბჭო ყოველთვის პასუხისმგებელი იყო თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. კონსტიტუციაში ყოველთვის ეს ეწერა. იყო დრო, როცა უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები დე-ფაქტო შეიცვალა კონსტიტუციის წინააღმდეგ. ეს იყო რამდენიმეწლიანი პერიოდი. ამის გვერდზე გადადების შემთხვევაშიც, ერთი წელია უშიშროების საბჭო მუშაობს და რა ისეთი საკითხი განიხილა უშიშროების საბჭომ, რომლითაც ასეთი საფრთხეების პრევენცია შეიძლებოდა? უშიშროების საბჭოს არა აქვს არანაირი კომპეტენცია, რომ ასეთი საკითხებით დაკავდეს და ვერც ექნება, რადგან ჩვენ საპარლამენტო სისტემაში ვმუშაობთ. საპარლამენტო სისტემაში უშიშროების საბჭო ვერ იქნება დაკავებული ისეთი საკითხებით, როგორიც არის ასეთი რისკების პრევენცია. ეს პრეზიდენტს უნდა ესმოდეს. შეიძლება ესმის კიდეც, უბრალოდ, მუდმივად სპეკულირებს ასეთი თემებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციით “ნათელი პასუხი გაეცა მიამიტურ განწყობებს, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, როდესაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაც კრიზისი ბევრად უფრო რთულ ვითარებაში გადაიზარდოს, რომ საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება ასეთ ვითარებაში, რომ არ არის საჭირო უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები“.