სოფიო კილაძე სპეცოპერაციაზე: მგონია, რომ საქმე გვაქვს გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან

  14:06:29     24-11-2017

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მმართველი გუნდი გამოეხმაურა.

საქმე ეხება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ლიკვიდირებული, სავარაუდოდ საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფიო კილაძის განცხადებით, სავარაუდოდ საქმე გვაქვს გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან.

მმართველი გუნდის წევრი პოლიტიკოსებს და მედიას ვარაუდების გამოთქმისგან, გამოძიების დასრულებამდე თავის შეკავებას ურჩევს.
„არა ერთხელ გვსმენია არა ერთი ჭორი სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით და მე მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან. რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია გაიგოს, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვინც ასეთი წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავ სტრუქტურებს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო და დღესდღეობით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან და ვფიქრობ, რომ მანამ, სანამ არ დასრულდება ეს ღონისძიებები იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნას გამოძიებას, ჯერჯერობით თავი უნდა შევიკავოთ მსგავსი განცხადებებისგან. მათ შორის, მედიასაც დიდი წვლილი აქვს ამ საქმეში,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.