მეფესა დავითს - მონაზონი არსენი
17:20:43     20-05-2011
პრესა.გე-ს მკითხველს დღეს შევახსენებთ ქართული მხატვრული შემოქმედების ერთ-ერთ უბრწყინვალეს ნიმუშს: "მეფესა დავითს - მონაზონი არსენი", რომელიც არის "შესხმა", ხოტბა - დავით აღმაშენებლისა. იგი ეკუთვნის ჩვენი დიდი იმპერატორის თანამედროვეს, თანამოაზრეს, თანამოღვაწეს, თანამებრძოლს, მეგობარს და მოძღვარს არსენ ბერს.
ზოგი მკვლევარის აზრით არსენ ბერი არის იგივე არსენ იყალთოელი. არსენ ბერი მოღვაწეობდა შიომღვიმის მონასტერში, მას ეკუთვნის რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, "დიდი სჯულისკანონის" სრული თარგმანი და სხვა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, არსენ ბერი უნდა იყოს დავით აღმაშენებლის ცხოვრების აღმწერი ("ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი").
წინამდებარე შესხმაში ძალიან კარგად ჩანს, როგორი ბრწყინვალე ერუდიცია ჰქონდა მის ავტორს. კარგად ჩანს, როგორი ერთგულების განცდა ჰქონდათ მამულიშვილ საეკლესიო მოღვაწეებს იმ დიდი ადამიანისადმი, რომელმაც საქართველოს სამეფო გააერთიანა "ნიკოფსიითგან დარუბანდისა ზღვადმდე, ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე", რომელმაც საფუძველი ჩაუყარა არა მარტო ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ აღორძინებას, არამედ სულიერ და კულტურულ ამაღლებასაც.
წინამდებარე შესხმაში შესანიშნავად ჩანს ავტორის პოეტური ნიჭი, გემოვნება და მაღალმხატვრული ხელოვნება. ეს ნაწარმოები არის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ნიმუში ქართული მწერლობისა.
მეფესა დავითს
ამათდა მომართ რასა იტყვი,
რასა სიბრძნისჰმოყვარებ
შენ
უფროისად ბრწყინვალეო
თვალო
ყოვლისა სოფლისა მეფეთა ერთგვამობისაო,
რომელი-ეგე
ჰაეროვან ხარ, ვითარცა სამყაროი ხილულისა სოფლისა შორის,
საჩინო, ვითარცა მზე ვარსკვლავთა შორის,
ბრწყინვალე, ვითარცა ეთერი ნივთთა შორის,
ნათლისფერ, ვითარცა ელვაი ღრუბელთა შორის,
ცისკროვან, ვითარცა აღმოსავალი კერძოთა შორის,
ტკბილ, ვითარცა არე ჟამთა შორის,
ღმრთის სახე, ვითარცა სიყვარული სათნოებათა შორის,
გულის სათქუმელ, ვითარცა ოქროი მიწათა შორის,
ელვარე, ვითარცა ვიაკინთი ქვათა შორის,
მაღალ, ვითარცა ფინიკი ნერგთა შორის,
შვენიერ, ვითარცა ვარდი ყვავილთა შორის,
აღმატებულ, ვითარცა სამოთხე ქვეყანისა შორის,
ძლიერ, ვითარცა ლომი მხეცთა შორის,
მტკიცე, ვითარცა ანდამატი განუკვეთელთა შორის,
სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის,
ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის,
მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღდელთა შორის,
მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის,
უბრძოლელ, ვითარცა აქილევ ელლენთა შორის,
ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის,
მშვიდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის,
შურისმეძიებელ, ვითარცა იოსია შარავანდედთა შორის,
უზარო, ვითარცა მაკედონელი მფლობელთა შორის,
განმადიდებელ ფლობისა, ვითარცა ავღვისტოს კეისართა შორის, კაცთმოყვარე, ვითარცა ჩემი იესუ ღმერთთა შორის,
ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნულთა შორის,
მხურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის,
საყვარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის,
მკვირცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის,
სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტეანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თვითმპყობელთა შორის,
სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის, -
სათნო უჩნან ესენი მყუდროებასა შენსა?
განსვენებულ არსა ამათ ზედა სიბოროტისა სულთა მდევნელი დავითიანი სული შენი?
რომელნი-იგი აწ ძღვნად მოგართვნა შენ მწყობრმან შენთა ამათ ნაზირეველთა სიმრავლესამან,
რაითა შენ მიართვენ ესენი ღმერთსა
და მოწყალე ჰყო ამათ მიერ წყალობისმოყვარე უფალი,
რომელ მოსწრაფებით შემოკრებაი უბრძანე შენ
და დიდისა ამისდა ღმრთისა სათნოისა წარმართებისა თანა შუამდგომელად ღმრთისა მიმართ მოიგენ, ვითარცა საკუთარნი მონანი,
რაითა რომელიმე ღმრთისსახისა მღდელთმთავრობისა მიერ მახლობელ ექმნებოდის შენთვის ღმერთსა,
ხოლო რომელიმე მღდელ მშვენიერითა მეოხებითა შეესაკუთრებოდის დამბადებელსა.
სხვასა სულთქუმანი მოაქვნდენ,
სხვასა - განდნობაი ცრემლითა,
სხვასა ღამეყოველობითნი მღვიძარებანი,
სხვასა - ხმელსარეცელობაი,
სხვასა - რაითურთით არარას ქონებაი,
კეისრისასა - ყოველსავე,
ღმრთისასა - მხოლოდ ხორცთა ოდენ და მათსა მარხვითა განლეულთაი,
სხვასა - სიტყვაი დაღათუ მდაბალი და უნდოი,
გარნა არავე უერმოი, არცა უმუსიკელოი მიმზიდველ ყოფად სმენისა;
ამის თანა-შემსგავსებულიცა ძალისაი ყოველთა ვედრებაი,
ყოველთა ლიტანიობაი,
ყოველთა ერთხმობაი,
ვითარმედ
დავით
კეთილად მსახურისა
და
ღმრთივდაცვულისა მეფისა ჩვენისასა
მრავალმცა არიან წელიწადნი!