სუს: პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, ცეცხლი გახსნეს

  03:30:14     22-11-2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე სპეცოპერაციას ატარებს.

სუს-ის ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან.

სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.

ადგილზე მობილიზებულია ათეულობით სპეცრაზმელი და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს ორი პირის დაკავება, რომლებსაც ბრალი ედებათ ტერორიზმში. წინასწარი ინფორმაციით ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები და დროებით პანკისის ხეობაში ცხოვრობდნენ.