"ჩაბუქს თურქეთში არაადამიანურად მოეპყრობიან"

  17:24:00     16-11-2017

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის პროცესის არსებითი განხილვა დაიწყო.

დაცვის მხარე ჩაბუქისთვის დევნილთა სამინისტროს უარს ასაჩივრებს, რომლითაც უწყებამ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭა.

დაკავებულის ადვოკატებმა წინა სხდომაზე დამატებით მტკიცებულებები წარადგინეს, რომელთა გამოკვლევაც დღევანდელ პროცესზე დაიწყება.

"არსებული დოკუმენტაციით დავამტკიცებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება არ უნდა მოხდეს, რადგან თურქეთში ადამიანის უფლებები მასშტაბურად ირღვევა. შესაბამისად, ექსტრადირების შემთხვევაში, თურქეთის ციხეში მუსტაფა ჩაბუქს არაადამიანური მოპყრობა ელის", - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე.

დემირელის სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.