"სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს დარღვევებზე, რომელსაც ქალბატონი წარმოადგენს"

  16:01:11     16-11-2017

"სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს სერიოზულ და სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის იმ მიმართულებით, რომელსაც ქალბატონი წარმოადგენს”,- ამის შესახებ ომბუდსმენმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შეფასების საპასუხოდ განაცხადა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს. 

"მე მოკლედ გავცემ პასუხს – მსგავსი განცხადებები პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების თვალში. პირადული ნამდვილად არაფერი. ეს ალბათ უკავშირდება იმ კონკრეტულ დარღვევებს, რომელზეც სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ამახვილებდა ყურადღებას. ასევე, უკავშირდება იმას, რომ სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს სერიოზულ და სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის იმ მიმართულებით, რომელსაც ქალბატონი წარმოადგენს”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თეა წულუკიანმა უჩა ნანუაშვილს საქართველოს ისტორიაში, პირველი უსამართლო ომბუდსმენი უწოდა. 

„მართალი გითხრათ ძალიან გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ რაკი უკვე ბოლო დღეებია ბატონი უჩას ჩვენთან ერთად საქმიანობის, ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოს ისტორიაში, ამიტომაც მის განცხადებებზე კომენტარს არ ვაპირებ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მანამდე კი შეგახსენებთ, ომბუდსმენმა ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა და განმარტა, რომ საქმის გამოძიების პერიოდში არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.