ირაკლი აბესაძე უმრავლესობას: ალბათ, უფრო თავად არ იცოდით ამ ცვლილებების შესახებ

  14:16:31     15-11-2017

"მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები ფასადური და სპონტანურია, რომელსაც საბიუჯეტო სახსრების დაზოგვასა და მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებაზე არანაირი გავლენა არ ექნება."

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

მისივე შეფასებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაბერილმა ბიუროკრატიულმა ხარჯმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მძიმე გავლენა მოახდინა. 

”რამდენიმე კვირის წინ, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ”ევროპული საქართველო” ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისკენ მოგიწოდებდათ - მათ შორის სტრუქტურული ცვლილებების ხარჯზე. თქვენ თავგამოდებით აცხადებდით, რომ შესაბამისი რესურსი არ იყო.  იხილავდით ამ რეფორმას და საზოგადოებას დაუმალეთ თუ თავად არ იცოდით? ალბათ, უფრო თავად არ იცოდით ამ ცვლილებების შესახებ”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.