უჩა ნანუაშვილი ირაკლი კობახიძისაგან განმარტებებს ელოდება

  13:13:51     15-11-2017

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისაგან განმარტებებს ელოდება. 

უჩა ნანუაშვილს აინტერესებს თუ რას გულისხმობდა ირაკლი კობახიძე მასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი პოლიტიკური ფიგურაა. 

ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მისი სახალხო დამცველად მუშაობისას აპარატი და თავად ის მაქსიმალურად დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი იყო. 

"ველოდები განმარტებებს თუ რას გულისხმობს ბატონი ირაკლი კონკრეტულად პოლიტიკურ განცხადებებში და იმაში, რომ პოლიტიკური ფიგურაა სახალხო დამცველი. ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია მჭირდება. სახალხო დამცველი არ ფიქრობს, რომ რომელიმე მისი გადაწყვეტილება, მისი საქმიანობა იყო პოლიტიკური. პირიქით, სწორედ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატი მუშაობდა და ცდილობდა მაქსიმალურად ობიექტური და ყოველგვარი გავლენებისგან თავისუფალი ყოფილიყო, რაც მე ვფიქრობ, შევძელით", - განაცხადა ნანუაშვილმა.

რაც შეეხება მის შემცვლელს, ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების აზრიც უნდა გაითვალისწინოს და კანდიდატი  მათი მონაწილეობით შეარჩიოს.